იაკობ ჯუღაშვილი : სტალინს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი - ეკატერინე სვანიძე, რომელთანაც ჰყავდა შვილი - იაკობი. მე იაკობის შვილიშვილი ვარ. მეორე მეუღლე იყო ნადეჟდა ალილუევა, რომელთანაც ჰყავდა - ვასილი და სვეტლანა. ამ შტოსაგან თითქმის აღარავინაა და ვინც დარჩა (შვილთაშვილები), მათთან ურთიერთობა არ მაქვს. მამაჩემს - ევგენი ჯუღაშვილს - ურთიერთობა ჰქონდა თითქმის ყველა მათგანთან, სვეტლანასა და ვასილის ჩათვლით. ვასილის ვაჟები - ალექსანდრე და მამაჩემი ერთად სწავლობდნენ სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში. რაც შეეხება ბაბუას - იაკობს, მას სამი მეუღლე ჰყავდა, პირველი იყო ზოია მატვიენკო, რომელთანაც ოჯახი არ შედგა, მეორე იყო ოლგა გოლიშევა (ბებიაჩემი) და მესამე - იულია მელცერი, რომელთანაც ჰყავდა შვილი - გალინა. იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. 

-სტალინზე არ არსებობს ერთი აზრი - ზოგისთვის იგი დიდი ბელადია, ზოგისთვის - პირსისხლიანი ტირანი. რას იტყვის სტალინზე მისი შთამომავალი? 

- ბოლო 25 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. დავა სტალინისა და საბჭოთა კავშირის შესახებ უკვე გასცდა ისტორიულ დავას. უკვე აღარ არის ისტორიული დავა - რა იყო და რა არა. დღეს დავა უკვე ფასეულობებზე მიდის - რა არის კარგი (სიკეთე) და რა არის ცუდი (ბოროტება). ვიღაც ამბობს რომ სტალინმა მოკლა 5, 10, 70 მილიონი ადამიანი და შენ მას ვერ დაუმტკიცებ რომ ეს არის სიცრუე. რომც დაუმტკიცო ისტორიული ფაქტებით, სტალინი მაინც არ შეუყვარდება, იმიტომ რომ სტალინი მისთვის მიუღებელი ფასულობების განსახიერებაა. ალბათ საინტერესოა, თუ რა ფასეულობაზეა საუბარი. ის, რაც განხორციელდა საბჭოთა კავშირში, განსხვავდება იმისგან, რაც იყო ჩაფიქრებული. საბჭოთა კავშირი ჩაფიქრებული იყო, როგორც სახელმწიფო ორგანიზებული ოჯახის პრინციპით. მისი ალტერნატივაა ბაზრის პრინციპი, რაც დასავლეთშია. დასავლეთი არის მესაკუთრეთაA რესპუბლიკა, ხოლო ჩვენ, აღმოსავლეთი - მშრომელთა რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირი იყო მცდელობა, ერთად გადავრჩენილიყავით, ერთად გავმდიდრებულიყავით და ერთად ავმაღლებულიყავით. ვიმეორებ, ერთად და არა ცალ-ცალკე, როგორც ამას ქადაგებენ დღევანდელი ევროინტეგრატორები. 

- ანუ, საბჭოთა კავშირი კარგი იდეა იყო? 

- ყველამ თავად გადაწყვიტოს, რომელი პრინციპია კარგი და რომელი - ცუდი : “ჯერ ჩემი პირადი კეთილდღეობა და მერე ხალხის” თუ “ჯერ ხალხის კეთილდღეობა და მერე ჩემი - პირადი”. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: კარგი იქნებოდა რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების მაშტაბი და კომფორტი განისაზღვრებოდეს მის მიერ საზოგადოებისათვის გაწეული სამსახურით? 

- კომუნისტის ნათქვამია! 

ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ გამოჩენილ და ლეგენდარულ ამერიკელ კაპიტალისტს ჰენრი ფორდს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის “ხარისხი” განისაზღვრება მისი ფასეულობებით და შესაბამისად ამ ფასეულობებიდან გამომდინარე იდეებით.

სტალინი კომუნისტი იყო და ამას ყველა აღიარებს -როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები. მაგრამ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა არის კომუნიზმი. დღესდღეისობით ეს არის წმინდა მარქსისტული გაგება. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რამაც მიიყვანა კიდეც საბჭოთა კავშირი კრახამდე. კომუნიზმი, სტალინის და ბოლშევიკების თვალსაზრისით, სულ სხვა რამ იყო. ბოლშევიკები და მენშევიკები ორივენი მარქსისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის წინააღმდეგ ომი მაინც ვერ აიცილეს და მენშევიკებმა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორსო სამხედრო ინტერვენციას მხარიც კი დაუჭირეს. აი რაოდენ ძლიერი იყო სიძულვილი ,მარქსისტებს შორის. ამ სიძულვილის მიხზეზი საბჭოთა კავშირში დამალული იყო.

ნოე ჟორდანიაც სოციალ-დემოკრატი და, შესაბამისად, მარქსისტი იყო. იგი ამბობდა: 

“... ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთთან და არა რუსეთთანო.“ 

დღევანდელობამ გვაჩვენა, რომ ნოე ჟორდანიას ეს გამონათქვამი ნიშნავს - “რუსეთის მონობაში ყოფნას დასავლეთის მონობაში ყოფნა სჯობია”. ბოლშევიკები კი არავის მონობაში ყოფნას არ აპირებდნენ და, რაც მთავარია, თავადაც არ სურდათ მონების ყოლა. მინდა განვმარტო შემდეგი რამ: თავისუფალი ადამიანი მონისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი თავისი გონებით ცხოვრობს და არ ეშინია, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე. ხოლო მონას ურჩევნია, იცხოვროს სხვისი ჭკუით, შეასრულოს სხვისი ინსტრუქციები და დავალებები, რადგან ეს ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან. 

სტალინის თვალსაზრისით, კომუნიზმი, არის საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყველას ეკუთვნის და არა მხოლოდ კომუნისტურ პარტიას, ან, თუნდაც, ავტორიტეტულ ადამიანთა ჯგუფს. ამიტომაც შეეცადა სტალინი 30-იან წლებში, დაემთავრებინა პარტიული აპარატის დიქტატორული მმართველობა და გადაეცა ძალაუფლება ხალხისთვის - საბჭოებისათვის. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა, შეექმნა წინაპირობა ჭეშმარიტი კომუნისტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. 

მაშასადამე, კომუნიზმი, ბოლშევიკებისა და სტალინის თვალსაზრისით, იგივე დემოკრატიაა, იგივე ხალხის ძალაუფლებაა. თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ დემოკრატია დღეს - სულ სხვა რამაა. ბოლშევიკებისგან განსხვავებით დემოკრატიული “ელიტა” ემსახურება არა თავისი ხალხის უმრავლესობას, არამედ “ევროპულ ფასეულობებს”, “ადამიანთა უფლებებს” და ასე შემდეგ. 

დღეს ისეა სამყარო მოწყობილი, რომ არსებობს ბირთვი (მეტროპოლია) - დასავლური სამყარო, ხოლო დანარჩენი პერიფერიაა. თავის დროზე ბოლშევიკებმა თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ პერიფერია, ჩვენი ძალებით და გონებით უნდა ვიცხოვროთო. ამის ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ ხელისუფლება ყველას უნდა ეკუთვნოდეს. კომუნიზმი და დიქტატურა შეუთავსებელია ერთმანეთთან და სტალინს, როგორც ნამდვილ კომუნისტს, ეს კარგად ესმოდა. 

- ხალხში გავრცელებულ მითებს სტალინის შესახებ არ იზიარებთ? 

- ხალხში ძალიან ბევრი მითია გავრცელებული და ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი ამოცანაა, ეს მითები გავაქარწყლო. ამ მიზნით შევქმენი საიტი www.jugashvili.com სადაც მრავალი ნაშრომია გამოქვეყნებული. ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ფასეულობებზე უნდა ვიმსჯელოთ. 

მარქსისტებს მიაჩნიათ, რომ კომუნიზმი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების შედეგია, სინამდვილეში კი კომუნიზმი ადამიანეის განვითარების შედეგი გახლავთ! 

დღეს ძნელია დაარწმუნო ხალხი იმაში, რომ სტალინის დროს მომხდარი მოვლენები და მისი პირადი როლი ამ მოვლენებში სხვადასხვა რამ არის. ზოგნი არ არიან მზად ცოდნის მისაღებად, რადგან მათ სხვა რწმენა აქვთ და მათი გონება “ჩაკეტილია” ამ მიზეზის გამო. მათ სჯერათ, რომ სტალინი, ბოლშევიზმი და საბჭოთა კავშირი პირსისხლიანი საშინელებებია. არადა, ბევრი რამ დიდი ხნის წინათ გაქარწყლდა. 

- მის არნახულ ძლევამოსილებაზეც ძალიან ბევრი მითია... 

- საბჭოთა კავშირში არ ყოფილა ერთპიროვნული დიქტატურა. დასავლეთში იყვნენ ჰიტლერი, ფრანკო, სალაზარი, პილსუდსკი. საბჭოთა კავშირში ერთპიროვნული დიქტატურა არ ყოფილა, თუნდაც ყველაზე ცუდ პერიოდში - ხრუშჩოვის დროსაც კი. კოლექტიური დიქტატურა - იყო. ამ კოლექტივს ერქვა ცენტრალური კომიტეტი - 70 ადამიანი და უფრო მეტიც. ამ 70 ადამიანში შედის სტალინიც, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სტალინს ეძახდნენ ბელადს. საინტერესო ისაა , რაც ვერც დასავლეთში ახსნეს და ვერც ჩვენთან. ბელადი, მოკლედ რომ ვთქვათ, ნიშნავს ყველაზე ჭკვიანს, სამართლიანს, შრომისუნარიანს, და რაც მთავარია, თავისი ხალხის მსახურს. სტალინი იქცა ბელადად თავისი ადამიანური (პიროვნული) თვისებების შედეგად და არა იმ ძალაუფლების შედეგად, რომელიც მას არ გააჩნდა 1941 წლის მაისამდე - მთავრობის მეთაურობამდე. 

- როგორი იყო სტალინი ოჯახის წევრებთან, რა იცით ამის შესახებ წინაპრების გადმოცემით? 

- ამის შესახებ მეც იმათგან ვიცი, ვინც სტალინს პირადად იცნობდა. ყველაზე საინტერესო მისი ნაშვილების - არტიომ სერგეევის მოგონებებია. როგორც ცნობილია, სტალინმა მისი რევოლუციონერი მეგობრის შვილი იშვილა. მაშინ ტრადიცია იყო - ყველა ბოლშევიკს ვალდებულება ჰქონდა, დაღუპული მებრძოლი მეგობრის შვილი შვილად აეყვანა. ტროცკისაც ჰყავდა ნაშვილები, თუ არ ვცდები კალინინსაც. არტიომის მოგონებები თავისუფალია პროპაგანდისტული ტონისაგან. სვეტლანას ნაწერებს კი ძალიან ფრთხილი წაკითხვა სჭირდება, რადგან მრავალჯერაა რედაქტირებული. არტიომის მოგონებები ერთ პატარა წიგნია და ძირითადად მისი ინტერვიუებია. ძალიან საინტერესო ფაქტები აქვს მოყვანილი. ამგვარ საინტერესო ისტორიებს სვეტლანა ვერ აღწერდა, რადგან იგი დედასთან იზრდებოდა და, ამდენად, არ იყო ახლოს სტალინთან. ვასილი და არტიომი კი ნამდვილად იყვნენ. 

არტიომი ჰყვება ასეთ ისტორიას: 

"პატარები რომ ვიყავით, კედელზე თოფი ეკიდა და ჩვენ ამ თოფით ვთამაშობდით. ერთხელაც გავარდა. იმ დროს სტალინი ოთახში შემოდიოდა და სულ რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ტყვია. სტალინის რეაქცია იყო ფანტასტიკური - წყნარად მოვიდა და გვითხრა, არასოდეს არ ითამაშოთ იარაღითო. თოფი თავის ადგილზე დაკიდა და წავიდაო." 

არტიომს ასეთი ბევრი მოგონება აქვს. ერთგან წერს: 

"როდესაც მე და ვასიამ გამოვუცხადეთ, რომ სამხედრო აკადემიაში ვაპირებდით სწავლას, არტილერისტები გვინდოდა გამოვსულიყავით, სტალინმა გვკითხა: 

- თქვენი აზრით, რომელი საგნის ცოდნაა მთავარი სამხედროსათვის? 

ჩვენ ჩამოვთვალეთ: მათემატიკა, ფიზიკა და მსგავსი საგნები. სტალინმა მოგვისმინა და გვითხრა:- ”რაც ჩამოთვალეთ ეგ ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ყველაზე მთავარი რუსული ენის კარგად ცოდნააო! 

- თქვენს ბაბუას - იაკობ ჯუღაშვილს არ ჰქონდა მოგონებები? 

- იაკობს მსგავსი მოგონებები ვერ ექნებოდა. თავად სტალინს 1924 წლამდე მოსკოვში ბინა არ ჰქონდა. როგორც კი ბინა მიიღო და ხელფასი დაენიშნა, მაშინვე წამოიყვანა იაკობი მოსკოვში. იაკობს ძალიან უჭირდა სწავლა, რადგან, ფაქტობრივად, რუსული არც იცოდა. იგი რაჭაში სოფელ ბაჯში, თავისი დეიდის - ალექსანდრა (საშიკო) სვანიძის ოჯახში იზრდებოდა. დედა იმავე წელს გარდაიცვალა, როცა იაკობი დაიბადა. Fიაკობსა და სტალინს შორის კულტურულმა შეუთავსებლობამ იჩინა თავი. იაკობი, სოფელში გაზრდილი, უცებ კრემლში აღმოჩნდა და ტვინი აერია. ტვინის არევა იმაში გამოიხატა, რომ სწავლის ნაცვლად, ცოლი მოიყვანა. სტალინმა, რასაკვირველია აუხსნა, რომ ჯერ უნდა ესწავლა, პროფესიას დაუფლებოდა და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. მათ შორის კონფლიქტი მოხდა და იაკობი სახლიდან წავიდა. ისინი შერიგდნენ ომის დაწყების წინ. როდესაც იაკობმა მეორე ცოლი (ანუ ბებიაჩემი) გაიცნო და დაოჯახდა. მათ ოროთახიანი ბინა გამოუყვეს მოსკოვში. ესეც შეიძლება შერიგებაში ჩავთვალოთ. მაგრამ ერთმანეთთან საუბარი მამასა და შვილს შორის მხოლოდ ომის დაწყების წინ შედგა. იაკობმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა და სტალინიც დაეთანხმა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იაკობს სამი მეუღლე ჰყავდა. პირველთან შვილი შეეძინა, რომელიც ძალიან მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ იყო ბებიაჩემი. ეს ქორწინება არ ყოფილა ოფიციალური - იცოდა იაკობმა, რომ მამამისი ამ ქორწინებას არ მიიღებდა, რადგან არაფერი გააჩნდა. თუმცა მერე ისე მოხდა, ბინა მიიღო. როდესაც ბებია ფეხმძიმედ იყო, იაკობს შეხვდა (თუ შეახვედრეს) იულია მელცერი. დღეს არსებობს ეჭვები, რომ ეს განზრახ გაუკეთეს. იაკობის და იულიას ქორწინება ოფიციალურად გაფორმდა, რაც ეჭვებს იწვევს. ბებიაჩემი საცხოვრებლად იქ წავიდა, სადაც გაიზარდა - ქალაქ ურიუპინსკში. იგი მდებარეობს მდინარე დონსა და ვოლგას შორის. კაზაკების საცხოვრებელი ადგილია, პროვინცია. იქ დაიბადა და გაიზარდა მამაჩემი ევგენი. 

- საქართველოში როდის ჩამოხვედით? 

- სტალინის ქონების გაყოფის შემდეგ. სვეტლანამ სტალინის ანგარიშზე აღმოაჩინა 30 ათასი მანეთი, დაუკავშირდა მამაჩემს და უთხრა: - სამ ნაწილად ვყოფ, - ჩემზე, იაკობზე და ვასიაზეო. ევგენის დედამისმა ურჩია წინაპრების სამშობლო გაიცნო, უნდა იცოდე ფესვები საიდან მოდისო... საოცარია ეს სიტყვები სუფთა რუსისგან, რომელიც დაბადებული და გაზრდილი იყო რუსეთის პროვინციაში. მამაჩემი 1957 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ნელ-ნელა გაიცნო საქართველო და სტალინის შთამომავლებიდან ერთადერთია, რომელმაც თავის ცხოვრება საქართველოს დაუკავშირა. ჩვენ რუსეთში გავიზარდეთ, მაგრამ ქართული რომ ვიცით, მამაჩემის დამსახურებაა, მით უფრო, რომ თავად ქართული არ იცის. 

- საუბრის ბოლოს, თქვენი აზრით, რით არის სტალინი მსოფლიოსთვის მიმზიდველი და საინტერესო? 

- ადამიანი იბადება და პატარა ბავშვი ცხოველივით ცხოვრობს. მისი პრინციპია - მე მინდა. იგი ცხოვრობს იმისათვის რომ დაიკმაყოფილოს ის ინსტინქტები რაც ბუნებამ ჩაუდო. მშობელისა და სახელმწიფოს ამოცანაა ცხოველისგან ადამიანი აღზარდონ. ადამიანი კი ცხოვრობს პრინციპით - “საჭიროა”. ადამიანს უნდა ჰქონდეს უნარი, დაივიწყოს ინსტინქტები, როცა საერთო სასარგებლო საქმის გაკეთებაა საჭირო. სტალინი ჩემთვის მიმზიდველია იმით, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხს, როგორ უნდა აკეთო ადამიანმა საერთო სასარგებლო საქმე. 

დღეს ჩვენ გვთავაზობენ ისეთ მოდელს, როგორიც მიღებულია დასავლეთში - ინდივიდუალიზმი. მთავარი შენ ხარ თავად, და მერეა დანარჩენები. ამგვარი დამოკიდებულება სამყაროსადმი მესაკუთრეთა ცივილიზაციისათვის არის დამახასიათებელი .ჩვენ, როგორც მშრომელთა ცივილიზაციას, პერიფერიას, არ შეგვიძლია ასე ვიმსჯელოთ. ამიტომ, ჩვენ რომ გადავრჩეთ, უნდა ვიცხოვროთ პრინციპით - ჯერ ყველა და მერე მე! სტალინი ემსახურებოდა თავის ხალხს. ნამდვილი ხალხის მსახური თავისი ჭკუა-გონებით ცხოვრობს, ხოლო დღევანდელი “ბელადები” ევროკომისრებისა და ამერიკის სახდეპარტამენტის ჭკუით (ინსტრუქციებით) ცხოვრობენ. სტალინმა და ბოლშევიკებმა მისცეს პერიფერიის სამყაროს ხალხებს შანსი: მოდით ჩვენი ჭკუით ვიცხოვროთო! 

მოამზადა მანანა გაბრიჩიძემ

Comments
* The email will not be published on the website.